მადონა გვეხიძე დაახლოებით 4 თვის წინ შემოუერთდა ნიკორა ტრეიდის გუნდს და დიდი მონდომებით ეკიდება თავის საქმეს კონსულტანტის პოზიციაზე. ამ მცირე დროში მან შეძლო თანამშრომლების გაოცება თავისი ნახატებით და შემოქმედებითი უნარით.
მადონა: „ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რამდენიმე თვეა ნიკორას დიდ გუნდს შემოვუერთდი და ბევრს ვერ ვისაუბრებ კომპანიის შესახებ, ძალიან მომწონს აქ არსებული გარემო და საქმისადმი დამოკიდებულება. მუშაობის გარდა ხატვით ვარ დაკავებული, რომელიც ჩემთვის ჰობზე მეტია. პეიზაჟებისა და ნატურმორტების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით, თუმცა აბსტრაქტული ნახატებიც ძალიან ახლოსაა ჩემს შინაგან სამყაროსთან. თვითნასწავლი არ ვარ, მცირე ხატვის კურსები მაქვს გავლილი, თუმცა, ვფიქრობ, ხატვის ჩემებური, ინდივიდუალური სტილი მაქვს, რაზეც ამ კურსებს არ მოუხდენია გავლენა. საკუთარი ხედვით ხატვა თავისუფლებაა და სწორედ ეს თავისუფლება მომწონს.
მახსოვს, ერთხელ მითხრეს ნახატებში სიყვარული იგრძნობაო და ეს ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი იყო ჩემთვის. ჩემი ნახატები ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმას, რომ სამყარო მიყვარს ძალიან. მუზა ყოველ ჯერზე სხვადასხვა რამე ან ვინმეა: ერთი ქალბატონი მახსენდება, ხშირად შემოდიოდა ხოლმე ჩვენს მაღაზიაში, საოცრად თბილი მზერა ჰქონდა და სულ მინდებოდა დამეხატა; არა თავად ის ქალბატონი, არამედ ის, რასაც მისი მაღაზიაში შემოსვლისას ვგრძნობდი. გასაყიდი ხილის ჩანახატიც გამიკეთებია... მხატვრებიდან ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმეს ვბაძავ, თუმცა ფიროსმანის ჯადოსნური მონასმები მომწონს, განსაკუთრებით კი ნახატი „დათვი მთვარიან ღამეში“, ამის შემდეგ ვან გოგსა და მოდილიანს გამოვყოფდი.“